არაბული გაზაფხული-მიზეზები და შედეგები
(დაწერილია 2012 წლის იანვრის დასაწყისში)
(დაწერილია 2012 წლის იანვრის დასაწყისში)
დღევანდელი მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებისადმი. არაბულ ქვეყნებში დაწყებული რევოლუციების გამომწვევი მიზეზები და სავარაუდო შედეგბი, ასევე ირანის კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვისაც აქტუალური საკითხია.
რიგ მკვლევარებსა და საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ზემოთ ხსენებული პროცესები შესაძლოა უკავშირდებოდეს ირანის წინააღმდეგ სავარაუდო სამხედრო მოქმედებების დაწყებას. თუმცა თუ გავაანალიზებთ არსებულ რეალობას, იმ მიზეზებს თუ რა იყო ბიძგი ტუნისში, იემენში, იორდანიაში, ეგვიპტეში, ლიბიაში, სირიაში, ქუვეითში და საუდის არაბეთში მიმდინარე რევოლუციური რყევებისა, იკვეთება შემდეგი სურათი: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში (ზოგიერთში რევოლუცია შედგა, ზოგ მათგანში დასაწყისშივე შეჩერდა, ზოგიერთში კი დღესაც არ დასრულებულა მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტი ფორმალურად გადადგა, მაგ. იემენი) პროცესებს ჰქონდა ერთი გამომწვევი მიზეზი, კერძოდ ადგილობრივი მოსახლეობა აღარ ურიგდება მრავალ ათეულწლიან ავტოკრატულ რეჟიმებს, თუმცა ყოველ მათგანსაც ახასიათებდა გარკვეული ინდივიდუალიზმი, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებული რეჟიმები გამოირჩეოდნენ დასავლეთისადმი ლოიალური განწყობით ან მეტნაკელბად დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებით.
ტუნისში სათავეში მოვიდა ე.წ. ზომიერი ისლამისტური „ენაჰდას“-აღორძინების პარტია. ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნების პირველ ეტაპში ლიდერობენ ორგანიზაცია „ძმები მუსლიმების“-პოლიტიკური ფრთა პარტია თავისუფლება და სამართალი და სალაფიტური პარტია, ასევე იემენში მოჯაჰედები იბრძვიან ხელისუფლებაში მოსასვლელად და ხმამაღლა გაისმის მოთხოვნები ქვეყნის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებად გაყოფის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა და ა.შ.შ.-ს ადმინისტრაციამ ნდობა გამოუცხადეს ტუნისის ახალ მთავრობას, რეგიონისა და თავად ამ მოძრაობების ისტორიიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე რჩება მთელი რიგი გამოწვევები რისთვისაც მსოფლიო მზად უნდა იყოს და გაითვალისწინოს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების სამომავლო პოლიტიკაში.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჩამოთვლილ ქვეყნებში მოსახლეობა აღარ ურიგდება ხელისუფლების მრავალ წლიან ავტოკრატულ მმართველობას. თუმცა ქვეყნების მიხედვით, აღნიშნულ პროცესების გამომწვევ მიზეზებს ახასიათებს გარკვეული სპეციფიკაც, მაგალითად ტუნისში. ეს ქვეყანა არაბულ სამყაროში ითვლებოდა ყველაზე ლიბერალურ ქვეყნად და ღია იყო დასავლური იდეებისა და ღირებულებებისათვის. გარდა ამისა არც მოსახლეობის ცხოვრების დონე იყო დაბალი. ეგვიპტეში კი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ისეთი სოციალური პრობლემები როგორიც პალესტინაშია, რევოლუციური განწყობის ესკალაცია მოახდინა უმუშევრობის პრობლემამ და მთავრობის მხრიდან მცირე ზომის დასახლებებისადმი უყურადღებობამ. ეს პრობლემა განსაკუთრებულად მტკივნეული ახალგაზრდობისთვის აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების უმუშევრობა თითქმის 50%-ს აღწევს და სწორედ ისინი შეადგენდნენ რევოლუციური ძალების ძირითად ბირთვს, რის გამოც ეგვიპტის რევოლუციას ეწოდა „ახალგაზრდების რევოლუცია“ (გაზეთი სახე, „პროტესტი კლეპტოკრატი საოჯახო კლანების წინააღმდეგ არის მიმართული“. მაია ჭალაგანიძის ინტერვიუ ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან გიორგი სანიკიძესთან /პარასკევი, 11 მარტი. 2011) .
დღესდღეობით გამარჯვებული რევოლუციის ქვეყნებად შეიძლება ჩაითვალოს ტუნისი და ეგვიპტე (ასევე დაემხო კადაფის რეჟიმი ლიბიაში, თუმცა იქ ჯერჯერობით ნაადრევია რაღაც შედეგებზე საუბარი), მაგრამ ამ ორი ქვეყნიდან პირველში მოვიდა ლეგიტიმური მთავრობა, ხოლო მეორეში ჩატარდა სამ რაუნდიანი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური რომელშიც ლიდერობენ ისლამისტები. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ტუნისში გაიმარჯვეს ზომიერმა ისლამისტებმა-აღორძინების პარტიამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟიუპემ და ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. (http://aljazeera.net/NR/exeres/A673410D-FC3D-40DB-A5DF-45509D1D2CC6.htm?GoogleStatID=24). ეგვიპტეში კი ლიდერობენ ორგანიზაცია „ძმები მუსლიმების“ პოლიტიკური ფრთა-პარტია „თავისუფლება და სამართალი“, სალაფიტური პარტია „ნური“ და ეგვიპტური ბლოკი რომელშიც ძირითადად ერთიანდებიან ლიბერალური ძალები. საწყისი მაჩვენებლებით არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჯამური ანგარიშით ისლამისტებმა მიიღეს ხმათა 60% აქედან 40%-მდე „ძმებმა მუსლიმებმა“, 20%-ზე ცოტა მეტი სალაფიტებმა, 14%-მდე ეგვიპტურმა ბლოკმა. ანალოგიური აქტივობა შეიმჩნევა მეორე ტურშიც, სადაც ისევ ლიდერობენ „ძმები მუსლიმები“, შემდეგ სალაფიტური პარტია „ნური“ და ეგვიპტური ბლოკი რომელიც აერთიანებს ლიბერალურ და მემარცხენე ორიენტაციის პარტიებს. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 18 მილიონმა ეგვიპტელმა. (http://aljazeera.net/NR/exeres/30D3BB69-92E5-4DA8-86B5-EE41B49DBA35.htm?GoogleStatID=1, http://www.aljazeera.net/NR/exeres/86AA9C9F-36E7-475C-9D0F-58F79C3A8104.htm?GoogleStatID=1, http://aljazeera.net/NR/exeres/4F7CA3B2-220A-42E2-9FFD-0DB2328107E1.htm?GoogleStatID=9, http://www.aljazeera.net/NR/exeres/C55454B2-AA2F-4282-8423-5B64344AC0B8.htm?GoogleStatID=1). ქვეყანაში ასევე რჩება სამხედრო საბჭო რომელიც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დროიდან საკმაოდ ანგარიშგასაწევ და ერთ-ერთ უმთავრეს ძალას წარმოადგენს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ორგანიზაცია „ძმები მუსლიმები“ გასული საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი კონსერვატულ-რადიკალური ისლამისტური. სალაფიტები კი ვაჰაბიტური მოძრაობაა, ვაჰაბზმი თავად ისლამურ სამყაროში მიჩნეულია რადიკალური იდეოლოგიის მატარებელ მიმდინარეობად და ბევრი მუსლიმისთვის მიუღებელია მათი შეხედულებები. თუმცა საუდის არაბეთში ეს მიმდინარეობა სახელმწიფო რელიგიის რანგშია აყვანილი.
არაბულ წყაროებზე დაყრდნობით, მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებითა და თავად პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებით, ასევე ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ანალიტიკოსების მოსაზრებებით არსებობს იმის საფრთხე, რომ ახალ საკანონმდებლო ორგანოში არ შეიქმნება კოალიციური მმართველობა. „ძმები მუსლიმების“ წარმომადგენლებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ არ აპირებენ სალაფიტებთან ალიანსში შესვლას. შექმნილი სიტუაცია ანალიტიკოსებს უჩენს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ასეთ შემთხვევაში სამხედრო საბჭოს მიეცემა მძლავრი მანიპულაციების ჩატარების საშუალება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ახალ პარლამენტში მძალვრი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები იქნებიან ლიბერალები. სამხედრო საბჭო მხარს უჭერს ქვეყნის საერო მმართველობას და არალოიალურად არის განწყობილი ისლამისტური მოძრაობების მიმართ (http://aljazeera.net/NR/exeres/A1058A54-88C1-4919-8E73-4540F4B42E10.htm?GoogleStatID=9). უკვე იკვეთება სერიოზული დაპირისპირების პირველი ნიშნები სამხედრო საბჭოსა და „ძმებ მუსლიმებს“ შორის. სამხედროები აპირებენ მონაწილეობა მიიღონ ახალი კონსტიტუციის ფორმირებაში. სამხედრო საბჭოს წევრმა გენერალ მაიორმა მუხტარ ალ-მულამ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია მოწონებული უნდა იქნეს მთავრობისგან და ასევე სამხედროთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში „ახალი პარლამენტი ვერ იქნება სრულიად ეგვიპტელ ხალხთა წარმომადგენელი“.
პარტია „თავისუფლება და სამართალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საკონსულტაციო საბჭოში და გაიწვიეს თავიანთი ორი წარმომადგენელი: მუჰამედ მორსი, პარტიის გენერალური მდივნის თანაშემწე და უსამა იასინი.
პარტიის ლიდერ მუჰამედ ბელღატის განცხადების თანახმად „ისინი არ დაუშვებენ პარლამენტის მარგინალიზაციას და თავიანთი ძალაუფლების შეზღუდვას რომელიმე პოლიტიკური ორგანოს მიმართ, მათთვის მისაღებია მხოლოდ ხალხის მოთხოვნათა დაკმაყოფილება“. გენერალმა მულამ დაამატა, რომ ძმები მუსლიმების გარდა ახალ პარლამენტში უნდა მოხდეს სალაფიტთა გავლენის შემცირება, მან შეკითხვაზე უნდა შემცირდეს თუ არა ახალ პარლამენტში სალაფიტთა გავლენა, რომლებიც ცდილობენ თავს მოახვიონ ეგვიპტელ ხალხს ისლამური წესრიგი, მან უპასუხა: „რა თქმა უნდა ქვეყნის ისლამიზაციას ეგვიპტელი ხალხი ისედაც არ დაუშვებს“. გარდა ამისა არჩევნების მეორე ტურში, კაიროში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა ა.შ.შ.-ს ელჩი ანე პატერსონი რომელიც დააკვირდა საარჩევნო პროცესს და ამავე დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ითანამშრომლებს ნებისმიერ პარტიასთან რომელსაც აირჩევს ეგვიპტელი ხალხი. თუმცა ილსამისტებმა უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ დემოკრატია არის ინტეგრირებული პროცესი და არ შემოიფარგლება მხოლოდ არჩევნებით. (http://www.aljazeera.net/NR/exeres/459FE96A-D385-4D20-A2B8-0829E15CA3B6.htm?GoogleStatID=1, http://aljazeera.net/NR/exeres/4F7CA3B2-220A-42E2-9FFD-0DB2328107E1.htm?GoogleStatID=9).
თავის მხრივ სალაფიტებიც აცხადებენ, რომ ისინი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას აპირებენ და მათ ინტერესებში არ შედის „ძმები მუსლიმების“ მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმდევრების როლში აღმოჩნდნენ, თუმცა მზად ყოფნას გამოთქვამენ ახალ პარლამენტში შექმნან კოალიცია მემარცხენეებთან და ლიბერალებთან ერთად. ყოველივე ამასთან ერთად ისინი მოუწოდებენ ეგვიპტის კოპტურ (ქრისტიანულ) მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ და იძლევიან დაპირებებს იმის შესახებ, რომ მათი სათავეში მოსვლის შემდეგ კოპტებს არ შეექმნებათ პრობლემები ისლამისტთა დომინირების პირობებში (http://www.aljazeera.net/NR/exeres/9036BF71-8DBE-4E86-9C37-BE1E0F765F97.htm?GoogleStatID=9).
ცნობილია, რომ 80 მილიონიანი ეგვიპტის მოსახლეობის 10%-ს ქრისტიანები შეადგენენ. პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის პერიოდში ურთიერთობები ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მეტნაკლებად დაბალანსებული იყო. საპროტეტსო აქციების დაწყებისთანავე კი გაიზარდა მსხვერპლი ქრისტიანებს შორის, 2011 წლის იანვარში კოპტური ეკლესიის აფეთქებისას და შემდგომ ამ ფაქტის ნიადაგზე გამოწვეული საპროტესტო აქციების დროს. უოლ სთრით ჯორნალის თანახმად მთლიანად ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანთა ლიდერების გარკვეული ნაწილი მიესალმება არაბულ ქვეყნებში დაწყებულ რევოლუციურ პროცესებს და მხარს უჭერენ უმრავლესობის მოთხოვნებს, მაგრამ რჩება ისეთი კატეგორიაც, რომელიც შიშობს, რომ ეს პროცესები გაზრდის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას, ისე როგორც ეს მოხდა ერაყში. ამ ქვეყანაში ბოლო ძალადობრივი აქტი იყო აგვისტოს თვეში კირკუკში ეკლესიის აფეთქება. მარონიტული ეკლესიის ლიდერი ლიბანში პატრიარქი ბიშარა ამბობს: „შესაძლოა არაბული გაზაფხული იყოს არაბული ზამთრის პრელუდია რომელიც მოიტანს ძალადობას რელიგიურ ნიადაგზე“. ასევე ზოგიერთი ქრისტიანი რელიგიური ლიდერიც მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა ქვეყანაში ავტოკრატული და საერო რეჟიმის შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკრეტულად სირიაში, ხსენებული მიზეზებისგან გამომდინარე, არსებული რეჟიმისადმი განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევიან ქრისტიანები. ეს გახდა ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თავდაცვის მინისტრად დანიშნა მართლმადიდებელი ქრისტიანი. (http://www.aljazeera.net/NR/exeres/52FF2DB9-B92E-4117-A2EF-6A89C798C419.htm?GoogleStatID=9) (http://kavkazcenter.com/russ/content/2011/12/02/87036.shtml). შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულია ისრაელი, ქვეყნის ზოგიერთი მაღალჩინოსანი რმელთა ვინაობაც წყაროში არ არის დაკონკრეტებული ვარაუდობს, რომ თუ კი ეგვიპტე გადაიქცევა „რელიგიურ სახელმწიფოდ“ სავარაუდოდ იმოქმედებს ისრაელის წინააღმდეგ და მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის 1979 წელს კემპ-დევიდის მოლაპარაკებაზე ხელმოწერილ ხელშეკრულებებს, რაც არ გამორიცხა პარტია „ნურის“ ხელმძღვანელმა და განაცხადა რომ მოლაპარაკება უნდა გადაიხედოს.
გაზეთი „მაარიფი“ ისრაელის ზოგიერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობაც არ არის დაკონკრეტებული აცხადებს, რომ არსებობს იმის რისკიც, ხელისუფლების სათავეში მოსულმა ისლამისტებმა შესაძლოა გაამწვავონ თავიანთი პოლიტიკა ისრაელთან მიმართებაში ღაზას სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში როგორც ეს მოხდა 2009 წელს და შესაძლოა გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები და გაიწვიონ თავიანთი ელჩი თელ-ავივიდან.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნების ისლამიზაცია შეშფოთების საფუძველს ქმნის, თუმცა ჯერ კიდევ ადრეა იმაზე დასკვნების გაკეთება თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.
თავის მხრივ ფინანსთა მინისტრმა იუვალ შტაინიცმა განაცხადა, მას იმედი აქვს რომ ეგვიპტე იქნება დემოკრატიული სახელმწიფო და არ გამოამჟღავნებს ისლამისტურ ტენდენციებს რაც თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის მთლიანად რეგიონის სტაბილურობას (http://www.aljazeera.net/NR/exeres/9036BF71-8DBE-4E86-9C37-BE1E0F765F97.htm?GoogleStatID=9, http://www.jpost.com/MiddleEast/Article.aspx?id=247681). ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე არსებობს იმის საფუძველი, რომ სამხედროების როლი შენარჩუნდეს ან გაიზარდოს ეგვიპტეში. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს ძალა იყო და დღემდე რჩება ქვეყანაში სეკულარიზმის და სტაბილურობის გარანტად. ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს პრეზიდენტ მუბარაქის პროდასავლურ კურსს და ისრაელთან დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას გარდა ამისა მეტნაკლებად უზრუნველყოფდნენ რელიგიური სიტუაციის სტაბილურობას ქვეყანაში. თუმცა აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტსაც, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა ისლამისტური ძალების მიმართ საკმაოდ დიდია, რაც დაფიქსირდა კიდეც არჩევნების პირველ ეტაპზე, ხოლო სამხედრო საბჭო კი მოიაზრება მუბარაქის პოლიტიკისა და მმართველობის გაგრძელებად რის გამოც უკვე მოხდა სისხლიანი შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, მათი მოთხოვნა იყო სამხედრო საბჭოს სრულად გადაეცა მართვის ბერკეტები გადაეცა სამოქალაქო ხელისუფლებისათვის (http://aljazeera.net/NR/exeres/1D6090F6-7C1F-4A5F-8A9B-5CA6EE196B01.htm?GoogleStatID=1). მსგავსი სიტუაცია გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა ალჟირში სადაც ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მთავარი არსი გახდა ბრძოლა სამხედროებსა და ისლამისტებს შორის. 1992 წელს არჩევნების შედეგების გაუქმებამ, რომელშიც ისლამისტებმა გაიმარჯვეს სათავე დაუდო მრავალწლიან სამოქალაქო დაპირისპირებას რასაც 150 ათასი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. 1999 წელს გამოცხადებული ამინისტიის შემდეგ ისლამისტებმა იარარი დაყარეს, მაგრამ შემდგომ პერიდოში ქვეყანა მოიცვა აფეთქბების ძლიერმა ტალღამ, რომელიც ორგანიზებული იყო ისლამისტური დაჯგუფების მიერ. თავიანთ თავს უწოდებდნენ „ალ-კაიდა ისლამური მაღრიბის მიწაზე“. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს უჭირთ პირდაპირი დადასტურების მოძებნა რამდენად იყო ეს დაჯგუფება დაკავშირებული ოსამა ბენ ლადენთან, თავად მათი აქტივობის ხელწერა-უცხოელებზე თავდასხმები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობის აფეთქება ალჟირში-მიუთითებს იმაზე, რომ ეს დაჯგუფება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ალ კაიდასთან.
თავის დროზე არსებობდა იმის ვარაუდიც რომ მაროკოს, ტუნისსა და ალჟირში მოქმედი ისლამისტთა ადგილობრივი დაჯგუფებები გაერთიანებულიყვნენ ახალი მოძრაობის ერთიანი საფარველის ქვეშ. (http://news.bbc.co.uk/hi/russian/in_depth/newsid_2584000/2584891.stm).
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ პროცესები საკმაოდ არაპროგნოზირებადია და რაიმე სახის დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია. ასევე რჩება სამხედროთა ფაქტორი ეგვიპტეში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სამხედრო ისტებლიშმენტი პარლამენტის საბოლოო ფორმირებამდე რჩება ქვეყნის მმართველ ძალად და ასევე აპირებს მომავალი კონსტიტუციის ფორმირებაში სერიოზული წვლილის შეტანას, რასაც უკვე მოჰყვა პროტესტი არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულთა მხრიდან. ასევე როგორც ცნობილია მოსახლეობის მოთხოვნაა სამხედრო საბჭომ მთლიანად გადასცეს მართვის სადავეები სამოქალაქო სექტორს და არცერთი მხარე დათმობას არ აპირებს. საბოლოო ჯამში კი შეიძლება ითქვას რომ არაბულმა რევოლუციებმა შექმნა სამოქალაქო საზოგადოებებისა და პოლიტიკური დებატების ჩანასახი, დასავლური ტიპის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ უდავოა რომ „არაბულმა გაზაფხულმა“ საზოგადოებაში სერიოზული გარდატეხის მოხდენა შეძლო.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.