Friday, December 10, 2010

ტერორიზმი ინტერნეტში

სიმონ გურეშიძე
თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი


ტერორიზმი ინტერნეტში

ინტერნეტი თავისი სტრუქტურით ანონიმურია, გააჩნია ქაოტური ბუნება, ატარებს საერთაშორისო ხასიათს და ხელმისაწვდომია თითქმის ყველასათვის _ ეს კომპონენტები საკმაოდ ადვილ და ეფექტურ სამოქმედო ასპარეზს უქმნის ტერორისტულ ორგანიზაციებს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. წინამდებარე სტატიის მიზანია იმის გარკვევა, თუ როგორ იყენებენ ინტერნეტს თანამედროვე ტერორისტული ორგანიზაციები და რა ადეკვატურ ღონისძიებებს ანხორციელებს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება ამ ახალი გამოწვევის წინააღმდეგ. დღეს აღარავინ დაობს, რომ უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინტერნეტი, ისე როგორც მასზე დამყარებული კომუნიკაციის სხვა საშუალებები, თავისი დადებითი თვისებების გარდა, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ უდიდეს საფრთხეებსაც შეიცავს (იხ. Dowling: 1986). გაჩნდა კიბერტერორიზმის ცნება, რომლის თანახმადაც ტერორისტთა “ტრადიციული” შეიარაღება და მეთოდები არც თუ ისე შორეულ მომავალში ანაქრონიზმად იქცევა. მეცნიერთა შორის დაიწყო მწვავე პოლემიკა არა მარტო კიბერტერორიზმის ცნების, არამედ ამ საფრთხის თავიდან აცილების პრინციპებისა და მეთოდების დამუშავების შესახებ.
ტერმინი “კიბერტერორიზმი” პირველად 1980 წელს კალიფორნიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა ბარი კოლინმა გამოიყენა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ კიბერსივრცის აქტიურად გამოყენების აღსანიშნავად (Denning: 1999, 69).
მოგვიანებით, აშშ-ის კიბერტერორიზმის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დოროთი დენინგი ინტერნეტში საქმიანობის კლასიფიკაციის შემდეგ ასპექტებს გამოყოფს: “აქტივიზმი” და “კიბერტერორი”. კიბერტერორიზმი წარმოადგენს ტერორიზმისა და კიბერსივრცის შერწყმას. ის მოიცავს პოლიტიკურად მოტივირებულ ჰაკერულ ოპერაციებს, რომელთა მიზანია პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის დამანგრეველი შედეგების მიღწევა. დენინგის ამგვარი კლასიფიკაცია გამყარებულია “Computer Emergency” ჯგუფის სტატისტიკური კვლევითი მონაცემებით. ამ მონაცემების მიხედვით, 2001 წელს დაფიქსირებულია ქსელებზე შეტევის 52 685 შემთხვევა, რომელსაც შეეძლო აშშ-ის ინფრასტრუქტურის პარალიზება. ეს ციფრი ორჯერ მეტია 2000 წლის მონაცემებთან შედარებით. მას შემდეგ ინციდენტების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს, საკრედიტო ბარათების სკანირებით დაწყებული და სხვა სახის კომპიუტერული შეტევით დამთავრებული (Colarick: 2006, 46-47).
კიბერტერორიზმი არის განზრახ ჩადენილი, პოლიტიკურად მოტივირებული კრიმინალური ქმედება, განხორციელებული ზენაციონალური ჯგუფებისა ან ფარული აგენტების მიერ, ინფორმაციისა და კომპიუტერული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების და მონაცემთა ბაზების წინააღმდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვება მშვიდობიანი (არამებრძოლი) სამიზნეების დაშინება. ჰაკერულ ქმედებას შიძლება მოჰყვეს იგივე შედეგი, რაც ტერორიზმს, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით კიბერსივრცეში ინფორმაციის განზრახ განადგურება, ვფიქრობთ, უნდა იყოს ტერორისტული ქმედების შემადგენელი ნაწილი მიზნისა და შედეგის გათვალისწინებით. თავის მხრივ, კიბერტერორიზმის მაგალითები შეიძლება შეიცავდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ტერორისტული თავდასხმების ორგანიზება-განხორციელებისათვის, დაზვერვითი საქმიანობის წარმოებისათვის და ა.შ. მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ოპერაციების ჩატარების საშუალება, რომელიც თავისი შინაარსით გაუთვალისწინებელ უდიდეს საფრთხეებს შეიცავს და პოლიტიკურადაა მოტივირებული, ახალი დანაშაულის შემადგენლობის საფუძველი უნდა გახდეს (ცაცანაშვილი, სიხარულიძე: 2007).
მართალია, ტერორიზმი თანამედროვეობის გლობალური პრობლემაა, მაგრამ კიბერტერორიზმი, გარკვეული მსგავსების მიუხედავად, მნიშვნელოვნად განსხვავდება ტერორიზმისაგან. კიბერტერორიზმი ითვალისწინებს ინფორმაციის გამოყენებას იარაღის და მეთოდის სახით ტერორისტული მიზნის მისაღწევად.
კიბერტერორიზმი არის შეტევა ინფორმაციის, კომპიუტერული სისტემების, ქსელების, პროგრამების და მონაცემთა ბაზების წინააღმდეგ. ის ასევე კომპიუტერებისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების საშუალებით სახელმწიფოს სამხედრო ან სამოქალაქო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტების, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, ან ძალადობის მუქარაა. ამ ფენომენის შედეგია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესების ხელყოფა, მოსახლეობის დაშინება. კიბერტერორიზმმა შეიძლება გამოიწვიოს მატერიალური დოვლათის განადგურება, ნგრევა, ან სხვა მძიმე შედეგები, აგრეთვე ინფორმაციული ტექნიკისა და ტექნოლოგიების მომსახურების შეწყვეტა, და ბოლოს ამ მოვლენის ძირითადი მიზანია ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილების მიღებაზე ზეწოლა. იმის დასადგენად, თუ რა განსხვავება და მსგავსებაა ტერორისტული რიტორიკის ინტერნეტ ვერსიასა და ჩვეულებრივ მასმედიას შორის, ინტერნეტში არსებული თითოეული ტერორისტული გვერდი ღრმად უნდა იქნეს გაანალიზებული. ინტერნეტის ეფექტურად გამოყენების მაგალითად შეიძლება დასახელდეს `ჰიზბალლაჰის” მოქმედება, რომელმაც განახორციელა ფსიქოლოგიური შეტევა ებრაელი ხალხის წინააღმდეგ; კერძოდ, ეს ორგანიზაცია ინტერნეტის საშუალებით 2006 წლის ზაფხულში ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული ანტიტერორისტული კამპანიის დროს დაღუპული ებრაელი ჯარისკაცების ფოტოებს ავრცელებდა. შედეგად, ისრაელის მოსახლეობამ თავის მთავრობას მოსთხოვა ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება (იხ. Jenkins: 1975; Weimann: 1986; Weimann & Winn: 1994).
მკვლევარები თანამედროვე ტერორიზმის განხილვისას ამტკიცებენ, რომ იგი შეიცავს ოთხ კომპონენტს: შემსრულებელს (ტერორისტს), სავარაუდო მსხვერპლს (სამიზნე), შეტყობინებას, გზავნილს (ბომბი, თავდასხმა) და საზღაურს (აუდიტორიის რეაქციას)”. ზოგიერთი სპეციალისტი ხაზს უსვამს იმას, რომ ტერორიზმი წარმოადგენს “თეატრს”, რომლისთვისაც კონკრეტული მსხვერპლი მეორადი მნიშვნელობის მატარებელია, მთავარი მიზანი კი იმ ხალხზე ზეგავლენის მოხდენაა `ვინც ტელევიზორს უყურებს.~ (იხ. Dowling: 1989; Jaffe: 1994).
სწორედ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი აპრობირებული ხერხია მსგავსი ფაქტების მასმედიის მხრიდან ნაკლები აფიშირება, რადგან ხშირად ტერორისტები ამა თუ იმ ტერაქტს ახორციელებენ საზოგადოებრივი აზრის, ყურადღების მიპყრობის მიზნით და თუ მათი ნამოქმედარი და მოთხოვნები არ გადაიცემა ტელევიზიით, არ გაშუქდება პრესით, მაშინ ტერორისტული ორგანიზაციებისათვის ტერაქტების ჩადენა ყურადღების მიქცევის მიზნით, აზრს დაკარგავს. ამგვარ ტაქტიკას გასულ საუკუნეში საკმაო წარმატება მოჰყვა, როდესაც ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში ხელისუფლებამ ამ ქვეყნებში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში ეს ხერხიც გამოიყენა.
ამგვარად, თანამედროვე ტერორიზმი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ძალადობის მეშვეობით ტერორისტთა პოლიტიკური მოთხოვნებისა და მიზნების აფიშირებისა და პროპაგანდის საშუალება. სწორედ ამ თვალსაზრისით წააგავს ტერორიზმი თავისებურ თეატრს. ჩვენთვის საინტერესოა შევისწავლოთ თუ როგორ იყენებენ ტერორისტები მედია ტექნოლოგიებს თავიანთი მოთხოვნების აფიშირების მიზნით.
პოლიტიკური მიზნებისათვის ინტერნეტის პოტენციალის გამოყენება ტერორისტულ ორგანიზაციებს განსაკუთრებით ხიბლავს. ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგია. რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციები, (მათ შორის არიან ანარქისტები, ნაციონალისტები, სეპარატისტები, რევოლუციონერები, ნეომარქსისტები და ფაშისტები) იყენებენ ინტერნეტის ქსელს საკუთარი მიზნების წარმოსაჩენად, პროგრამებისა თუ პროპაგანდისტული ლოზუნგების განსათავსებლად და ასევე თავიანთ მხარდამჭერებთან კავშირის დასამყარებლად. ისინი ცდილობენ ფართო აუდიტორიისათვის თავიანთი საქმიანობისა და მიზნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მათი კეთილგანწყობის მოპოვებას,
პარადოქსია ის, რომ ყველაზე დეცენტრალიზებული სტრუქტურა (ინტერნეტი), რომლის შექმნის თავდაპირველი მიზანი, თავის დროზე, ამერიკის უშიშროების სამსახურების მიერ საბჭოთა ბირთვული შეტევის საფრთხის შეკავება იყო, ცივი ომის დასრულების შემდეგ ემსახურება დასავლეთის უდიდეს მტერს, სახელდობრ საერთაშორისო ტერორიზმსაც.

“ტერორის თეატრი”
ტერორისტული ორგანიზაციების ვებ-გვერდების განხილვისას შესაძლოა დავასკვნათ, რომ არსებობს გარკვეული სახის პარადიგმა, რომელსაც “ტერორის თეატრი” შეიძლება ვუწოდოთ. საერთაშორისო ტერორიზმის ცნების გაანალიზებისას, საკმაოდ ხშირად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ტერორისტული აქტები ხშირად სრულდება ელექტრონული მედიისა და საერთაშორისო პრესის ყურადღების მიპყრობის მიზნით. მძევლების აყვანა კი ხშირად სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზებისთვის ხდება. ტერორისტებისათვის ხშირად თავად მძევლები არაფერს წარმოადგენენ, უბრალოდ, მსგავსი სახის მოქმედებები გათვლილია ხალხის ყურადღების მისაპყრობად და არა თავისთავად მძევლების აყვანის აუცილებლობით.
მკვლევართა შორის გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ “მედია არის ტერორისტების საუკეთესო მოკავშირე, თავისთავად ტერორისტული აქტი არაფერია, ხოლო მის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება კი ყველაფერი”. საფუძველს მოკლებული არც შემდგომი მოსაზრებაა, კერძოდ ტერორისტებისათვის გაცილებით უფრო მიმზიდველი გახდა საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა, ვიდრე ანონიმებად დარჩენა. ტერორისტულმა პარადიგმამ მოახდინა მას-მედიის პოტენციალის რეალიზება. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების განვითარებასთან ერთად, ტერორისტული აქტები სულ უფრო მეტად იძენდა იმ იარაღის სახეს, რომლითაც მსხვერპლი ფართო აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი ხდებოდა (Shmid & DeGraaf: 1982, 14).
მედიაზე ორიენტირებული ტერორიზმის გამოჩენამ ამ საკითხის ზოგიერთი მკვლევარი მიიყვანა თანამედროვე ტერორიზმის ახალ კონცეფციის ჩამოყალიბებამდე. მათი ერთი ნაწილი მიუთითებს, რომ “ტერორისტთა ძალადობრივი პროპაგანდა აუცილებლად საჭიროებს მსხვერპლს, იქნება ეს რიგითი მოქალაქე თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი.” მეორე ნაწილი კი უშვებს თანამედროვე ტერორიზმში “რიტორიკული ჟანრის” კონცეფციის გამოყენებას და ამტკიცებს რომ ხშირად ტერორისტები თავიანთ მოქმედებებს მას_მედიის მხრიდან ყურადღების მიპყრობის მიზნით ახორციელებენ, რადგან მედიის ყურადღების გარეშე მათ საქმიანობას სათანადო ეფექტურობა არ გააჩნია (Karber: 1971, 529).
ტერორისტული ორგანიზაციების მიერ თანამედროვე კომუნიკაციების საშუალებების მზარდი გამოყენება და ამ საშუალებებით მანიპულირება აიძულებს მთავრობებს და ზოგ მედია ორგანიზაციას, რომ გადადგან სათანადო ნაბიჯები ამ მოვლენის საპასუხოდ. ამისათვის საჭიროა მაქსიმალურად შეიზღუდოს ტერორისტთა კონტაქტი მედიასთან, შემცირდეს და ცენზურას დაექვემდებაროს ტერაქტებისა და მის ჩამდენთა შესახებ გასული ახალი ამბები. მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ტერორისტების მიერ მედიით მანიპულირების შესაძლებლობა. ასეა თუ ისე, ახალი ელექტრონული მედიატექნოლოგიები საშუალებას აძლევს ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომ უფრო ადვილად და თავისუფლად მოახდინონ საკუთარი იდეებისა და მიზნების პროპაგანდა, ვიდრე სხვა მედია საშუალებების მეშვეობით. კომპიუტერული მედია კომუნიკაციების ქსელი (კმკქ) იდეალურია ტერორისტებისთვის, როგორც საკომუნიკაციო საშუალება: იგი დეცენტრალიზებულია, არ ექვემდებარება კონტროლსა და შეზღუდვას, მასზე არ ვრცელდება ცენზურა და ნებისმიერს შეუძლია მისით სარგებლობა.
ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ ტერორისტთა აქტივობის ზრდა ინტერნეტში. კერძოდ, თუ რომელი ტერორისტული მოძრაობები იყენებენ ინტერნეტს, გავარკვიოთ ტერორისტულ საიტებზე მათი რიტორიკის მახასიათებლები. რა სახის აუდიტორიაზეა გათვლილი და გამიზნული ტერორისტთა ქმედებები ინტერნეტ ქსელში; და რამდენად იყენებენ ეს ორგანიზაციები ინტერნეტს აუდიტორიის მობილიზებისა თუ ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

მეთოდოლოგია
ტერორიზმის შესწავლისას, პირველ რიგში, განსაზღვრული უნდა იქნეს ცნება “ტერორისტული ორგანიზაცია”. სიტყვა ტერორის ეტიმოლოგია მოდის ლათინური ზმნიდან “ტერრერე”, რაც ნიშნავს “შიშის გამოწვევას”. ამავე დროს ტერორიზმი არ არის მხოლოდ თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი ფენომენი, ასეთ პრაქტიკას შორეულ წარსულშიც მიმართავდნენ. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სიტყვა ტერორი ლექსიკაში დამკვიდრდა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, რეპრესიების - “ტერორის მეფობის” დროს.
ტერორისტული საიტების განთავსება და მათი ინტერნეტში მოძიება როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თითქმის ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამის მაგალითია ის, რომ ასეულობით ორგანიზაცია იყენებს სტანდარტულ საძებნ სისტემებს, როგორებიცაა: Altavista, Licos, Infoseek, yahoo, Magellan  და Google. 1998 წელს ძიება შესაძლებელი იყო მხოლოდ ინგლისურენოვან ვებგვერდებზე, 2002 წლისათვის კი ინტერნეტ ქსელი უკვე მოიცავდა ტერორისტული ორგანიზაციების ინგლისურ და არაბულ საიტებს. 1998 წელს მოქმედი ორგანიზაციების უმრავლესობა 2002 წელსაც აგრძელებდა ინტერნეტ აქტივობას. 1998 წელს არსებული ტერორისტული საიტების URL მისამართების უმრავლესობა შეიცვალა 2002 წელს, (რაც გამოწვეული იყო მათი სხვადასხვა სერვერებზე მოძრაობით).

ვინ არიან ინტერნეტის სივრცეში მოღვაწე ტერორისტები?
ბევრმა ორგანიზაციამ მიმართა კიბერსივრცეს და შექმნეს ინტერნეტ საიტები. ეს საიტები ეკუთვნის ჰამასს (ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა), ლიბანის ჰიზბალაჰს, ეგვიპტის ალ-ჯამაა ალ-ისლამიას (ისლამური დაჯგუფება), პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტს, პალესტინის ისლამურ ჯიჰადს, პერუს თუფაქ ამარუს და “მანათობელ გზას” (სენდერო ლუმინოსო), კაჰანეს მოძრაობას (ისრაელი), ბასკურ ეტას, ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას, იაპონურ “უზენაეს სიმართლეს” (აუმ შინრიკიო), კოლუმბიის ნაციონალურ გამათავისუფლებელ არმიას, განმათავისუფლებელ თამილელ ვეფხვებს (შრი ლანკა), კოლუმბიის შეიარაღებულ რევოლუციურ ძალებს, სახალხო დემოკრატიული თავისუფლების ფრონტის პარტიას თურქეთში, ქურთების მუშათა პარტიას, ზაპატისტას ნაციონალურ გამათავისუფლებელ არმიას, იაპონიის წითელ არმიასა და უზბეკეთის ისლამურ მოძრაობას. არის კიდევ ერთი საიტი, ირანის სახალხო მოჯაჰედები, რომელსაც მხოლოდ სპასრულენოვანი საიტი აქვს და არ გააჩნია ინგლისურენოვანი ვერსია. ეს ორგანიზაციები არა მარტო მშვიდობიანი პროპაგანდისათვის ქმნიან ინტერნეტ საიტებს, არამედ ეწევიან დასახული მიზნების ძალადობის გამოყენებით მიღწევის პროპაგანდასაც (მკვლელობები, გატაცებები, თავდასხმები და აფეთქებები).
ბოლო წლების განმავლობასში ტერორიზმის ინტერნეტ-საიტებზე გამოჩენა რამოდენიმე განსხავევებული ნიშნით გამოირჩევა. ამ ნიშანთაგან ყველაზე დრამატული ალბათ მიანც ტერორისტული დაჯგუფებების მიერ შექმნილი ვებსაიტების მასიური გავრცელებაა. ყველა მნიშვნელოვანი ტერორისტული დაჯგუფება, როგორც რელიგიურ, ასევე ნაციონალურ პრინციპებზე დამყარებული, ამა თუ იმ სახით სრულად არის წარმოდგენილი ინტერნეტში. ამ ვებსაიტთა ყველაზე დიდი ნაწილი ალ-ქაიდას მიეკუთვნება. ავღანეთის, როგორც თავშესაფრის დაკარგვის შემდეგ, ამ ორგანიზაციამ დაიწყო მსოფლიო საინტერნეტო ქსელების მასიური გამოყენება. ექსპერტებმა ამ პროცესს ფიზიკური სივრციდან ინტერნეტ სივრცეში მიგრაციაც კი უწოდეს (Weiman & Winn: 1994, 20).
ამ ორგანიზაციათა უმრავლესობა, რომლებიც ინტერნეტში გვხვდება, დაარსებულია მესამე სამყაროს ქვეყნებში (სამხრეთ ამერიკა, აღმოსავლეთი აზია და ახლო აღმოსავლეთი) და მხოლოდ ორი მათგანია ევროპული (ერთი იაპონურია). ეს შესაძლოა იმით არის გამოწვეული, რომ 1980-1990-იან წლებში მკვეთრად დაეცა ტერორისტთა აქტივობა ევროპაში და გაიზარდა მესამე სამყაროს ქვეყნებში. ორგანიზაციათა კლასიფიკაცია ტიპების მიხედვით გვიჩვენებს, რომ ისინი იყოფიან ნაციონალურ, რევოლუციურ და რელიგიურ მოძრაობებად (ან გვხვდება ამ ტიპების კომბინირებული მოდელი). ინტერნეტში თითქმის არ გვხვდება კრიმინალური და ფსიქოტიკური ტიპის ტერორისტული მოძრაობები, შესაძლოა ეს გამოწვეულია იმით, რომ არაპოლიტიკურად მოტივირებული ტერორიზმი უინტერესოა მედიისათვის (Shmid: 1983, 73-100)..
არ არის გასაკვირი ის, რომ ამა თუ იმ რეჟიმის მოწინააღმდეგე ორგანიზაციების ვებ-გვერდები ჩვეულებრივ ოპერირებენ იმ სახელმწიფოს საზღვრებს გარედან, რომლის წინააღმდეგაც ისინი მუშაობენ.

ტერორისტული საიტების შინაარსი
განხილული საიტების საერთო შინაარსი უმეტეს შემთხვევაში ინფორმაციულ ხასიათს ატარებს. ისინი ჩვეულებრივ შეიცავენ ისტორიას ორგანიზაციის და თავიანთი ლიდერების, დამფუძნებლების, “გმირებისა” და ხელმძღვანელების შესახებ, მათთვის პატივსაცემი პირების ბიოგრაფიებს; ინფორმაციას პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნების შესახებ და ასევე ახალ ამბებს. სისტემების უმრავლესობა იძლევა ორგანიზაციის ან მოძრაობის დეტალურ ისტორიულ ანგარიშს, სოციალური და პოლიტიკური ფონის მიმოხილვას, წარსულში მათი მოღვაწეობის აღწერას და ასევე გამოქვეყნებულია მათი მიზნები. ნაციონალური ორგანიზაციები (სეპარატისტული ან ტერორისტული) ყოველთვის ანთავსებენ სადავო ტერიტორიების რუკას: ჰამასი ანთავსებს პალესტინის რუკას; კოლუმბიური საიტები უჩვენებენ კოლუმბიის დროშას, ზაპატისტთა საიტი აქვეყნებს თავის დროშას და ინფორმაციას ამის შესახებ; თამილელთა საიტზე კი შესაძლებელია შრი-ლანკის რუკა იხილოთ. ყველა ტერორისტულ საიტებზე ამა თუ იმ გზით ხდება მათი მიზნების დეტალურად წარმოდგენა. ზოგჯერ ეს პირდაპირ კეთდება, ზოგჯერ ირიბად. ხანდახან ეს არის ცალკე განყოფილება, ზოგჯერ კი შერეულია ძირითად შინაარსში. მათი უმრავლესობა მიზნად ისახავს თავიანთი მტრების და მოწინააღმდეგეების კრიტიკას. მაგალითად, ჰამასის საიტზე ვრცელი ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება “სიონისტური კლასის ჩამოყალიბება პალესტინაში”, “მანათობელი გზის” საიტზე არის ინფორმაცია “ფუჰიმორის კრიმინალური რეჟიმის” შესახებ (რომელსაც მათი აზრით, მხარს უჭერდა აშშ); ჰიზბალაჰის საიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ისრაელის აქტივობაზე (“ისრაელის ტერორიზმი” - ჰიზბალაჰის თვალსაზრისით); თამილელთა საიტი კი უტევს ადგილობრივ რეჟიმს. ასე რომ ტერორისტული საიტები არა მხოლოდ თავიანთი ორგანიზაციების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე ახდენენ კონცენტრირებას, არამედ ინტერნეტ ტერორისტების ძირითად მიზანს და საერთო სტრატეგიას თავიანთ მტრებზე შეტევაც წარმოადგენს.
საიტების უმრავლესობა თავს არიდებს თავიანთი ძალადობრივი აქტივობის გაშუქებას. თუმცა გამონაკლისს წარმოადგენენ ჰიზბალაჰი და ჰამასი. ჰიზბალაჰი უჩვენებს განახლებულ მასალებს თავისი აქტივობის შესახებ, იქ არის წუთობრივად დეტალური ინფორმაცია ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ოპერაციების შესახებ. სხვა გვერდზე კი ხდება დაღუპულ “მოწამეთა” რიცხვის დადგენა, აქვე მოყვანილია ის რაოდენობაც, თუ რამდენი “ისრაელელი მტერი” და მათი “თანამშრომლები” მოკლეს. ჰამასის საიტი თავისი ახალი ამბების განყოფილებაში შეიცავს გრძელ მონათხრობს არაბულ ენაზე თავის საბრძოლო “ოპერაციების” შესახებ. სხვა ორგანიზაციების უმრავლესობა, თუნდაც ისინი აღწერდნენ (მათი თვალთახედვიდან) ძალადობის ლეგიტიმურად გამოყენების მორალურ საფუძვლებს (და, როგორც ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, ლეგალურს), თავს არიდებენ თავიანთი ძალადობრივი აქტების და მათი ფატალური შედეგების აფიშირებას. შესაბამისი ლინგვისტური და ტექნიკური განათლებით აღჭურვილი ინდივიდები აშკარად ამჩნევენ მნიშვნელოვან წინსვლას ტერორისტული საქმიანობის სფეროში შემუშავებულ სტრატეგიებსა და გეგმებში. მაგალითად, ახალი ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნისა თუ მათი მოპოვების გზები ერაყში აღმოჩენილი იყო იმ საიტების განხილვის მეშვეობით, რომლებიც აქვეყნებენ საბრძოლო მოსამზადებელ ვიდეომასალებს.
მაშინ, როდესაც ტერორისტები თავს არიდებენ თავიანთი აქტივობის ძალადობრივი ასპექტების წარმოჩენას, იმავდროულად ყურადღებას ამახვილებენ ორ საკითხზე: სიტყვის თავისუფლებას და პოლიტიკურ პატიმრებზე. მაგალითად, თამილელი ვეფხვები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შრი ლანკის ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებზე, რადგან მათი აზრით იგი ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. ებრაული ტერორისტული ორგანიზაცია კაჰანე თავისი საიტის მნახველებს მოუწოდებს, რომ გამოთქვან პროტესტი ორგანიზაციის მოღვაწეობის აკრძალვის თაობაზე (აშშ-სა და ისრაელში); სიტყვის თავისუფლებისა და პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვა არის ძირითადი თემები ბასკური ეტა-ს საიტზე; კოლუმბიური ორგანიზაციაც უკმაყოფილებას გამოთქვამს სიტყვის შეზღუდული თავისუფლების გამო; მათ საიტზე გამოქვეყნებულია შემდეგი შინაარსის განცხადება: “კოლუმბიაში არ არის სიტყვისა და პრესის თავისუფლება... სამპარის მთავრობა მტკიცედ აკონტროლებს მედიას და მკაცრ ცენზურას უქვემდებარებს. უფრო მეტიც, კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს კლავენ ან აწამებენ... ყოველ კვირა ეწყობა შეტევები კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ”. აქედან ჩანს, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგე ტერორისტები იმავდროულად თავის თავს როგორც მსხვერპლს, ისე წარმოაჩენენ და აპელირებენ დემოკრატიულ ფასეულობებზე დასავლური საზოგადოებისა და ინტერნეტის მომხმარებელთა წინაშე. ტერორისტთა ეს ქმედება გათვლილია იმაზე, რომ დასავლური აუდიტორია ძალზე მგრძნობიარეა სიტყვის თავისუფლების მიმართ და ამ ფასეულობაზე აპელირება გამოიწვევს დემოკრატიული საზოგადოების სიმპათიას, რაც ხელს უწყობს ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც თამაშობენ “უმანკოთა” როლს, უწოდებენ რა თავიანთ თავს “არაძალადობრივ პოლიტიკურ დაჯგუფებებს”. ყოველივე ეს აშფოთებს იმ ხელისუფალთ, ვის წინააღმდეგაც ისინი იბრძვიან. ეს ტაქტიკა გამართლებულია ინტერნეტის დონეზე, რადგან ეს უკანასკნელი აბსოლუტურად თავისუფალი კომუნიკაციის სიმბოლოა.
როგორც უკვე აღინიშნა, ტერორისტთა ვებ-გვერდებზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოლიტიკურ პატიმართა თემას. პოლიტპატიმრების თემა დომინირებს ქურთისტანის მუშათა პარტიისა და პალესტინური ორგანიზაციების საიტებზე; აღწერილია, თუ რა ტანჯვას უძლებენ ზემოთ ხსენებული პატიმრები; თუფაქ ამარუს საიტზე განთავსებულია პოლიტპატიმართა გათავისუფლების მოწოდებები; კაჰანეს საიტზე გამოქვეყნებულია ბენიამინ ზევ კაჰანესგან (ორგანიზაციის დამაარსებელი) აღებული ინტერვიუ; ბასკური საიტი ირიბად ეხება პარტიულ აქტივისტთა დაკავების თემას.
ტერორისტული საიტები არა მხოლოდ ინფორმაციას შეიცავენ, არამედ გაფორმებულია გრაფიკულადაც. ყველა მათგანზე განთავსებულია ემბლემები და მათი უმრავლესობა შეიცავს ძალადობრივ ელემენტებს, როგორებიცაა იარაღები და ძალის გამოყენების სხვა საშუალებები. ჰიზბ ალ-ლაჰს აქვს დანის ემბლემა საიდანაც სისხლი წვეთავს; “მანათობელი გზისა” და ირა-ს ემბლემებზე გამოსახულია ნიღბიანი და შეიარაღებული მებრძოლები. ზოგიერთი საიტი გაფორმებულია დროშის ფერებში და შეიცავენ არატექსტუალურ ელემენტებსაც – სიმღერებს, გამოსვლებს და ვიდეოკლიპებს. მათი უმრავლესობა ინგლისურენოვანია, ტერორისტული საიტების საერთო ელემენტს წარმოადგენს საორგანიზაციო კომუნიკე, მათი დამფუძნებლების, ლიდერებისა და იდეოლოგების გამოკვლევები და ნაშრომები. თუფაქ ამარუს და ზაპატისტას ორგანიზაციები აუდიტორიას მოუწოდებენ მსგავსი კომუნიკეების სხვადასხვა ენაზე თარგმნასა და გავრცელებას; ჰამასის საიტზე განთავსებულია შეიხ აჰმედ იასინის რადიოინტერვიუ; კაჰანეს გვერდი იძლევა ბენიამინ ზევ კაჰანეს მიერ გაკეთებულ კომენტარებს თორას შესახებ. ექსპერტებმა ასევე შენიშნეს სეგმენტაციის ტენდენცია, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ აუდიენციაზე კონცენტრირებას. ბევრი ასეთი ვებგვერდი ძალიან დიდი სიფრთხილითაა შერჩეული კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფებზე გავლენის მოსახდენად. მაგალითად, ჰიზბალაჰმა და ჰამასმა შექმნეს რამოდენიმე საიტი, რომლებიც გამიზნულია სპეციალურად ბავშვებისთვის (იხ. Shmid & Jongman: 1988). ამ საიტების პირველი გვერდი არის დეკორირებული ანიმაციური ელემენტებით და ბავშვებისთვის განკუთვნილი ისტორიებით, მაგრამ მათი მომდევნო ბმულები და ფურცლები ასახავენ დასახიჩრებულ გვამებს და კამიკაძეების გაბრწყინებულ და გაღმერთებულ იმიჯს.

ტერორისტული რიტორიკა
საიტების უმრავლესობა თავდადებით იცავს აზრს იმის შესახებ, რომ მათი მხრიდან ძალის გამოყენება აუცილებლობით არის გამოწვეული. ეს უპირველესად განპირობებულია “არჩევანის უქონლობის” მოტივით. დანარჩენი ვებგვერდების უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ მათ არ შეუძლიათ გამორიცხონ საკითხის მშვიდობიანად გადაჭრის შესაძლებლობა. ძალადობა არის წარმოდგენილი როგორც აუცილებლობა, რომელიც სუსტის ერთადერთი საშუალებაა ძლიერი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. “თამილელი ვეფხვები” ამტკიცებენ, რომ ძალის გამოყენება გამართლებულია რადგან შრი-ლანკა ზღუდავს თამილელი უმცირესობის უფლებებს. ისინი ეყრდნობიან ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციებსა და ჟენევის კონვენციას იმის შესახებ, რომ თამილელ ხალხს გააჩნია თვითგამორკვევის უფლება და მათ კი მეტი გზა აღარ დარჩენიათ ამ მიზნის მისაღწევად.
სამხრეთამერიკული ტერორისტული ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ შეიარაღებული ბრძოლა ლეგიტიმურია, რადგან “გერილიას"  გარეშე ძალადობა, შიმშილი, რეპრესიები და დანაშაული დღითიდღე იზრდება და მათი ორგანიზაციის მიერ ჩადენილი ძალადობაც ამის შედეგია”.
ჰიზბალაჰი ამტკიცებს, რომ ისლამური წინააღმდეგობა არის სიონისტური აგრესიის პასუხი, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ ლიბანზე ბატონობას და “როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციაში წერია, ჩვენი უფლებაა ვიბრძოლოთ მანამდე, სანამ ჩვენი უფლებები შელახულია და მიწები კი მიტაცებული”. ჰამასი ამტკიცებს, რომ როგორც ფრანგები ეწინააღმდეგებოდნენ ნაცისტებს ორმოციან წლებში, ისინიც ისევე ეძებენ თვითმკვლელ პატრიოტებს სამშობლოს გასათავისუფლებლად. ინტერნეტი ასევე გამოიყენება მიმართვებისა და მოწოდებების გავრცელებისათვისაც. მაგალითად, 2000 წლის ნოემბერში გაკეთებული მიმართვა, რომელშიც შეიხი მაჰმუდ ალ-უკლა აშ-შუბაი (მოძრაობა თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი) მოუწოდებს თალიბებს, რომ ისინიც, თავის მხრივ, ვალდებული არიან პასუხი გასცენ ამერიკის მუქარას; მუქარაში კი აშშ-ს მიერ გაცემული ბრძანება იგულისხმება, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთში მოქმედი ტერორისტების განეიტრალებას. Azzam-ის ვებ-გვერდზე (ბენ ლადენისა და მოჯაჰედების მხარდამჭერი შეიხ აზამ-ის მიმდევრები) გამოქვეყნებულია პენტაგონის ფოტო 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. იქვეა ბენ ლადენის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ ეს ტერაქტი ჩადენილია რომელიღაც ამერიკული დაჯგუფების მიერ და თვითონ მას კი არაფერი აქვს საერთო ამ ფაქტთან. მისი სიტყვებით, აშშ-მა დაიმსახურა ალაჰის რისხვა, რადგან მას სურს, რომ ძალის გამოყენებით კონტროლი დააწესოს მთელ სამყაროზე. ასევე არსებობს უამრავი საიტები, რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან Azzam-ის პუბლიკაციებთან და დარეგისტრირებულია ჩრდილოეთ ლონდონში, მათი საშუალებით დღემდე გრძელდება ინტერნეტ სივრცეებისა და კაპიტალის მოძიება. იქვე გამოქვეყნებულია ჯიჰადის მხარდამჭერი მოსაზრებები, იქნება ეს ჩეჩნეთში, ავღანეთში თუ სადმე სხვაგან. ასეა თუ ისე, ეს ვებ-გვერდები 2001 წლის ნოემბერში დახურეს და ისინი ხელახლა გამოჩნდნენ 2002 წლის თებერვალში azzam.co.uk-სა და azzam.com-ის საიტების სახით.
თალიბანის მოძრაობასთან დაკავშირებული საიტების უმრავლესობა, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგაც აგრძელებდა თავის არსებობას. მართალია მათი მთავარი საიტები აღარ ფუნქციონირებდა, მაგრამ იყო მსგავსი შინაარსის მქონე ალტერნატიული ინტერნეტ მისამართები, სადაც ძირითადად აღწერილია ავღანეთის ომით გამოწვეული თალიბანის შეცვლილი მდგომარეობა. საიტში მთავარი აქცენტი გაკეთებულია ყურანზე, ავღანეთის რუკასა და შეიარაღებაზე. თალიბანის საიტს გააჩნია კიდევ ერთი არაბულენოვანი განშტოება, ეს არის Jehad.net-ი. მის პირველივე გვერდზე გამოსახულია პირისპირ მდგარი ჯორჯ ბუში და ოსამა ბენ ლადენი. საიტი შეიცავს საინფორმაციო არქივს, რომლის განახლებაც ხდება რეგულარულად და ასევე მოიცავს აუდიო-ვიდეო მასალებს, გამოსვლებსა და სტატიებს. მთავარ გვერდზევეა განთავსებული ჯიჰადზე ორიენტირებულ დაჯგუფებათა ჩამონათვალი და ანტიამერიკული ლოგო. იქვე მოთავსებულია 25 ფაილი (გადმოწერის საშუალებით) ჩეჩნეთის, ავღანეთის, პალესტინისა და სხვა კონფლიქტების შესახებ და ყურადღება გამახვილებულია ჯიჰადის მილიტარისტულ ასპექტებზე. ერთ კლიპში ნაჩვენებია დაბომბვის შედეგად დაღუპულები ჩეჩნეთსა თუ სხვა ადგილებში. სხვაგან შესაძლოა დანგრეული სავაჭრო ცენტრისა და პენტაგონის ნახვა, რომელიც შეპირისპირებულია ბენ ლადენის გამოსვლასთან და ერაყის, პალესტინის, ავღანეთისა და ქაშმირის კონფლიქტებში დაღუპულთა ფოტოებთან. Jehad.net-ისთვის უფრო “სულიერი” შინაარსია დამახასიათებელი, რომელსაც ყურანთან აკავშირებენ. საიტი შექმნილია კუვეიტში მცხოვრები ვინმე აჰმად ალის მიერ 2001 წლის დეკემბერში, თუმცა ვებგვერდი დაარეგისტრირა უორჩესტერში (დიდი ბრიტანეთი), ISP-ის კომპანიაში. მსგავსი მასალების გამოჩენა ბრიტანულ და ამერიკულ ISP-ში, 2002 წლის აპრილში განხორციელებული ავღანეთის კონფლიქტის ფონზე, ნამდვილად კურიოზული მოვლენა იყო. Jehad.net-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარისტული მიმართულების მქონე საიტი. ვებგვერდი რომელსაც ეწოდებოდა Taliban News, გაუქმდა, მაგრამ მისი აღდგენა მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტიდან 6 თვეში. იგი დაარეგისტრირა ვინმე აბუ ჰადიაჰმა 2001 წლის დეკემბერში. ეს ადამიანი იყო ნიუ-იორკში არსებული ერთ-ერთი კომპანიის (Halal Flowers) თანამშრომელი. საიტი საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული და მისი ძირითადი შინაარსია თალიბანის პერსპექტივები ავღანეთში, ჩეჩნეთში, პალესტინასა და სხვა რეგიონებში. ვებ გვერდზე საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა და გააჩნია ბმულები Azzam-ისა და სხვა საიტებისაკენ.

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ტერორისტების მიერ ინტერნეტის გამოყენებაც უფრო მეტად გავრცელდა. ტერორისტების საინტერნეტო კომუნიკაცია ხშირად შეიცავს მათ ოპერატიულ გეგმებს და მეთოდებს, რომელთა გაშიფვრის შემთხვევაშიც შესაძლებელია ანტიტერორისტული ბრძოლის მეთოდების შემუშავება, მათი ვინაობის დადგენა და ფონდების გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
ჩვენი მიზანი იყო წარმოგვეჩინა ტერორისტული საქმიანობის საფუძვლები და სახეები, მათ შორის ისეთის, როგორიც არის ინტერნეტტერორი და ინტერნეტში არსებული ტერორისტული რიტორიკა, ის წინაპირობები, რომლებიც იწვევს მათ წარმოშობას და განაპირობებს მათ მომავალ საქმიანობას. შესწავლილი უნდა იქნეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზები, რომელიც ხელის შემწყობი ფაქტორი გახდება აღნიშნულ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლის საქმეში. მიზანი უნდა იყოს იმ საფუძვლების კვლევა ძიება, რაც იწვევს ტერორისტული აქტივობის ზრდას.
სპეციალიზაციის რომელი სფეროც არ უნდა იყოს, ანტიტერორიზმის ანალიტიკოსები საჭიროებენ მაღალი დონის მომზადებას. როგორც უკვე არა ერთმა მკვლევარმა აღნიშნა, “არაბულის ცოდნა არ არის საკმარისი, და არც მარტო არაბულად მოლაპარაკეები გვჭირდება. ასევე პრობლემატურია არაბული ენის დიალექტები და არც მარტო მათი ცოდნაა საკმარისი. საჭიროა, ჩვენ კარგად ვერკვეოდეთ იქაურ კულტურასა და ტრადიციებში.” (მითითება) პრიორიტეტული უნდა გახდეს ინფორმაციის მონიტორინგისა და მოპოვებისთვის მომზადება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად დამოკიდებულნი არიან ისლამისტი რადიკალები მსოფლიო ინტერნეტ ქსელებზე, დასავლეთის მთავრობებმა უნდა გამონახონ გზები ტექნიკური და ლინგვისტიკური ექპერტიზის ასამაღლებლად, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს მათ რესურსებში შეღწევა. ექპერტების მომზადება ამ სფეროში არ არის ადვილი პროცესი. მათთვისაც კი, ვისი მშობლიური ენა არის არაბული, ექპერტიზის საჭირო დონის მისაღწევად საჭიროა წლები, რათა მათ ეფექტურად გაშიფრონ კოდები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ჩეთებში. ამ ექსპერტებს ასევე ესაჭიროებათ ტექნოლოგიის ძალიან მაღალ დონეზე ფლობა, რათა მათ მოიპოვონ კოდირებულ ფაილებში არსებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ეს პროგრამა უნდა იყოს შეფასებული, როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია. ამასთანავე, საჭიროა, აქტიური ძალისხმევა სათარგმნი ტექნოლოგიის უფრო სწრაფად განვითარებისთვის.
ტერორიზმთან მებრძოლ ქვეყნებს შორის კი უნდა გაიზარდოს ინფორმაციის გაცვლა ამ სფეროში.


დამოწმებული ლიტერატურა

1. 1. ცაცანაშვილი, მ., სიხარულიძე, ტ.  კიბერტერორიზმი – 21-ე საუკუნის საშიშროება. თანამემამულე. ქართველ ემიგრანტთა ჟურნალი, 4 (25), 2007.
2. Bell, J.B. Terrorist Scripts and Live-action Spectacles. Colombia Journalism Review (May-June 1978.), pp. 47-50.
3. Bell, J.B. Transnational terror. Washington, DC: American Enterprice institute for public policy Research, 1975.
4. Ben-Dor, G. The Strategy of Terror in the Israeli-Arab Conflict. Social Research Quarterly, 19, 1977, pp. 35-70”.
5. Cordes, B. When Terrorists Does the Talking: Reflections on Terrorist Literature. In: Rappaport, D. C. (ed.). Inside Terrorist Organizations. New-York: Colombia University Press, 1988. pp. 150-177.
6. Denning, D. E. Information Warfare and Security. Addison Wesley, 1999.
7. Dowling. Computers for Political Change: PeaceNet and Public Data Access. Journal of Communication, 39(3), 1989, pp. 154-162.
8. Dowling. Terrorism and the Media: a Rhetorical Genre. Journal of communication, 36, 1986, pp. 12-24.
9. Herman, E. S. The Real Terror Network. Boston: South End Press, 1982.
10. Herman, E. S., and Chomsky, N. The Culture of Terrorism. Montreal: Black Rose, 1988.
11. Herman, E. S., and O’Sullivan, G. The “Terrorism” Industry. New York: Pantheon, 1989.
12. Holsti, O. R. Content Analysis. In: Gardner, L. and Aronson, E. (eds). The Handbook of social Psychology. Reading. MA: Addson-Wesley, 1968.
13. Jaffe, M. Interactive Mass Media and Political Participation. Paper Presented at the Annual Conference of Midwest Association for Public Opinion Research (MAPOR). 1994. Available online at http://research.haifa.ac.il/-jmjaffe/poli_cmc.html.
14. Jenkins, B. International Terrorism. Los Angeles: Cescent Publication, 1975.
15. Karber, P. Urban terrorism: Baseline data and a conceptual framework. Social Science Quarterly, 52, 1971, pp. 527-533.
16. Karniel, Y. Freedom of Speech on the Internet. Dvarim Achadim, 2, 1997, pp. 165-168.
17. Oberding, J. M., and Norderhaug, T. A separate jurisdiction for Cyberspace. Journal of Computer Mediated Communication, 2 (1), 1996. Available online at http://www.jcmc.huji.ac.il/vol2/issue1/juris.html
18. Patterns of Global Terrorism. U.S. State Department, 1996. Available online at http://milnet.com/milnet/state/terrgrp.htm
19. Patterns of Global Terrorism. U.S. State Department, 2000. Available online at http://www.state.gov/s/ct/rIs/pgtrpt/2000/2450.htm
20. Schmid, A., and De Graaf, J. Violence as Communication: Insurgent Terrorism and the Western News Media. Beverly Hills, CA: Sage, 1982.
21. Schmid, A., and Jongman, A. J.. Political Terrorism. Amsterdam: North-Holland Publishing, 1988.
22. Schmid, A.. Political Terrorism. New Brunswick, NJ: Transaction Books, 1983
23. Shahar, Y. From Activism to Hactivism. Conference paper, presented at the University of Hayfa Law and Technology conference “Fighting Terror On-Line: The Legal Ramifications of September 11.” 27 December 2001, Shefayim, Israel.
24. Weimann, G. Media Events: The Case of International Terrorism. Journal of Broadcasting and Electronic Media, 31(1), 1987, pp. 21-39.
25. Weimann, G. The Mediated Theater of Terror: Must the Show go on? In: Bruck P. (Ed.). The News Media and Terrorism. Ottawa: Carlton University Press, 1986, pp. 1-22.
26. Weimann, G. The Theater of Terror: The Challenge for Democracy. In: Cohen-Almagor, R. (ed.). Basic Issiues in Israeli Democracy. Tel Aviv: Sifriyat Poalim, 1999.
27. Weimann, G., and Winn, C. “The Theater of Terror. New York: Longman Publication, 1994.
28. Currents and crosscurrents of radical Islamizm. A report of  CSIS (Center for strategic  and international Studies) Transatlantic dialogue on terrorism. www.CSIS.org April 06.